საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს და ამიტომ კომენტარს არ გააკეთებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლზე, ჯაღმაიძე ამბობს, რომ ის მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.
"არ მაქვს სრული ინფორმაცია, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს. რაც საჯაროდ არის გაცხადებული, ეს ვიცი. ჯერ არ გავაკეთებ კომენტარს, სანამ არ გვეცოდინება დეტალები", - ამბობს ჯაღმაიძე ფორმულასთან საუბრისას.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.